„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გუშინ ზუგდიდის სპეცოპერაციის დროს მედიის ნაწილის ქმედებები სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდა.
„რაც შეეხება მედიის პასუხისმგებლობას, ამაზე ვისაუბრე უკვე. ძალიან მძიმე იყო, რაც ხდებოდა გუშინ მედიაში, მათ შორის კონკრეტულ მედიაში „გლავ კანალში“და დღესაც გაგრძელდა ეს ყველაფერი და ესაც იყო ძალიან მძიმე. დღევანდელი ქმედებებიც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. კონკრეტიკაზე მოგვიანებით გვექნება საუბარი“,-განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის,ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ შენობაში გუშინ, 21 ოქტომბერს დაწყებული სპეცოპერაცია 22 ოქტომბერს, გამთენიისას დასრულდა.
04:13 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, “საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა სამი მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მიიმალა.
გათავისუფლებულმა მძევალმა ლაშა შენგელიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა, რომ თავდამსხმელმა ყველა მათგანი ერთდროულად გაათავისუფლა. მძევლები თავს კარგად გრძნობენ.
გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიასაშუალებებს რამდენჯერმე მოუწოდა, რომ სპეცოეპრაციის ადგიალიდან პირდაპირი ჩართვები არ გაეშვათ, რათა პროცესის მიმდინარეობას ხელი არ შეშლოდა.











