„ასეთი ნაძირალა, საქართველოს მტერი ბევრია, მაგრამ სოლიდურობა, წონასწორობა არ უნდა დაკარგო“ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, აქტივისტებს პროტესტის გამოხატვის სხვა ფორმისკენ უნდა მიემართათ.
„მე ვფიქრობ, რომ საერთოდ მოსახლეობის პროტესტი პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად სამართლიანი და ძალიან არასწორია, რომ ასეთი რაღაცების აცილება არ ხდება.
ზუსტად ისეთივე პროტესტი გამაჩნია მეც ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს და უფრო მეტიც – რუპორია პირდაპირ კრემლის ამ საკითხთან დაკავშირებით.
მაგრამ არის მეორე საკითხი – როგორ გამოხატავ ამ პროტესტს და ჩემი აზრით, რაღაც ზღვარი, რომლის იქითაც ადამიანი არ უნდა გადავიდეს. ასეთი ნაძირალა, საქართველოს მტერი ბევრია, მაგრამ სოლიდურობა, წონასწორობა არ უნდა დაკარგო ამ პროტესტის გამოხატვის დროს და რაც შეეხება ამ სიტუაციაში ერთადერთი ბერკეტი არის ხელისუფლების ხელში დატოვებული და ჩემი აზრით, ასეთი აჟიოტაჟით და გამოხატვის ფორმები, რაც მე ვნახე, არ არის სწორი.
პოლიტიკოსი იმისთვის არის პოლიტიკოსი, რომ ემოციების გაღვივებისკენ და ცეცხლზე ნავთის დასხმისკენ არ უნდა იყო მომართული. პროტესტის გამოხატვის სხვა ფორმას ავირჩევდი“, – ამბობს გიორგი კვირიკაშვილი „ტვ პირველთან“ საუბრისას.











