ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს – ეკატერინე ტიკარაძეს სახელმწიფო რწმუნებულებთან ონლაინ შეხვედრა ჰქონა. ამბის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული სამინისტრო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მხარეებმა საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით კანონიერად დასაქმებაზე ისაუბრეს. მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულთან დეტალურად იმსჯელა ის იმ პროცედურების შესახებ, რომლითაც სოფლის მეურნეობის სექტორში საქართველოს მოქალაქეების დასაქმება მოხდება.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეკატერინე ტიკარაძემ გუბერნატორებს პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.
„საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. გერმანიის მხრიდან დიდი მხარდაჭერა გვაქვს, პასუხისმგებლობები და რისკები დეტალურადაა გაწერილი და ორივე მხარეზეა გადანაწილებული. სამუშაოს მაძიებლებს გერმანიაში ჩასვლა ერთჯერადად შეეძლებათ, თუმცა ვმუშაობთ, რომ მოხდეს სხვა ტიპის სამუშაოების შემოთავაზებაც. მთავარი საყრდენი თქვენ ხართ და ამ პროცესში რეგიონების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“ – განაცხადა მინისტრმა.
“იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძეს განცხადებით, ეს იქნება ახალი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი ორგანიზებული, ლეგალური და ღირსეული შრომითი პირობებისთვის. პროცესში აქტიური მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც” – წერია განცხადებაში.
„სამუშაო ჯგუფის ფორმატში განვიხილეთ გერმანიაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გერმანელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება ახალი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი ორგანიზებული, ლეგალური და ღირსეული შრომითი პირობებისთვის“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძემ.
ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულთან დაკავშირებით, სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდან იქება შესაძლებელი და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.











