ფეხით გამოგათრევთო, მე რომ მპირდებოდნენ და თავიანთი ფეხით შემოდიან ახლა, როგორ უნდა ჩამხედონ თვალებში? – ამის შესახებ „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განუცხადა.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას” არც პოლიტიკური ალღო აღმოაჩნდა და არც პრაგმატიზმი და პარლამენტში „გაბანძებულები“ შედიან.
„ხომ დადასტურდა, რომ ცამდე მართლები ვიყავით. ხომ დადასტურდა, რომ ასე უნდა მომხდარიყო. ამაზე ვაფრთხილებდით „ნაციონალურ მოძრაობას” – ნუ ხართ უგულავას და ბოკერიას აყოლილები. ამიტომ არიან ასეთ დღეში. შემოდიან „გაბანძებულები“. 5 კითხვა მაქვს და მინდა დავუსვა „ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც ეხება მათ შემოსვლას.
ჩვენ შემოვედით თებერვლის დასაწყისში, თვითონ შემოდიან ივნისის დასაწყისში. რა განსხვავებაა? თვითონაც ახდენენ პარლამენტის ლეგიტიმაციას? ჩვენ რომ გვეუბნებოდნენ, ივანიშვილის პარლამენტის ლეგიტიმაციას ახსენთო. თვითონ რას აკეთებენ? 18-ჯერ მეტნი არიან ჩვენზე, ანუ 18-ჯერ მეტჯერ ახდენენ პარლამენტის ლეგიტიმაციას? წინ უნდა გაეხედათ, სანამ ტუჩები ჰქონდათ დალურჯებული ჩვენი ლანძღვით. წინ უნდა გაეხედათ, რომ აქ მოსვლა მოუწევდათ”, – განაცხადა ელისაშვილმა.
„მოქალაქეების“ ლიდერის განცახდებით, პარლამენტში სამუშაო გარემო უნდა იყოს და არა ცირკი. „თუ აპირებენ ცირკი გამართონ, ეს იქნება ძალიან ცუდი და ყოველ ჯერზე მიიღებენ ჩემგან პასუხს. ვისურვებდი, ახლა მაინც დაგვიჯერონ და საქმის საკეთებლად შემოვიდნენ”, – განაცხადა ელისაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობაში დღეს უნდა ჩაერთოს.











