ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ალექსანდრე ლუკაშენკოს სახალხო ულტიმატუმი წაუყენა, რომლის ვადა 25 ოქტომბერს იწურება. ინფორმაციას DW-ი ავრცელებს.
სვეტლანა ტიხანოვსკაიას ულტიმატუმი ასეთია:
„რეჟიმს 13 დღე აქვს, რათა სამი სავალდებულო მოთხოვნა შეასრულოს:
- ლუკაშენკომ გადადგომის შესახებ უნდა განაცხადოს.
- ქუჩებში ძალადობა სრულად უნდა შეჩერდეს.
- ყველა პოლიტპატიმარი უნდა გაათავისუფლონ“.
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის თქმით, თუ აღნიშნული მოთხოვნები არ შესრულდება, მოსახლეობა ქუჩებში გამოვა და 26 ოქტომბერს ყველა საწარმოს ეროვნული გაფიცვა და გზების ბლოკირება დაიწყება.
„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ დიალოგისა და მოლაპარაკებებისთვის, თუმცა გისოსებს მიღმა საუბარი დიალოგი არ არის“, – დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ინაუგურაციის ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში საიდუმლოდ გაიმართა.
11 ოქტომბერს ლუკაშენკო ოპოზიციის ლიდერებს უჩვეულო ვითარებაში შეხვდა. შეხვედრა საგამოძიებო იზოლატორში გაიმართა, სადაც ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.











