„პრაიმტაიმნიუსის“ ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ არჩევნებში პარტია „გირჩის“ კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც მაჟორიტარობისთვის დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იბრძოლებს, მხარს დაუჭერს.
სააგენტოს ცნობით, ჯაფარიძის კანდიდატურა „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ მისაღებია. როგორც „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ხატია დეკანოიძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მისი პარტია ჯაფარიძეს არჩევნებში მხარდაჭერას გამოუცხადებს.
„იმ შემთხვევაში თუ ზურა იქნება ოპოზიციის საერთო კოორდინირებული კანდიდატი, ჩვენ დიდი ალბათობით, მხარს დავუჭერთ მის კანდიდატურას დიდუბე-ჩუღურეთში. ეს გადაწყდება პარასკევს, რადგან პოლიტიკური კონფიგურაცია საბურთალოზეც უნდა დაჯდეს. გიდასტურებთ, რომ დიდი ალბათობით, მას ექნება ჩვენი პარტიის მხარდაჭერა“,- განაცხადა დეკანოიძემ.
კითხვაზე, დაასახელებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ საბურთალოს ოლქში, სადაც ოპოზიციას საერთო კანდიდატი ჯერ კიდევ არ დაუსახელებია, საკუთარ მაჟორიტარობის კანდიდატს, დეკანოიძე გვპასუხობს:
„საბურთალოსთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ველოდებით, იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება დასრულდება, არ ვფიქრობ, რომ ჩვენ შეთანხმების ერთგულები არ უნდა დავრჩეთ. თუ კანდიდატურას წარადგენენ, ჩვენ ამ შეთანხმების ერთგულები დავრჩებით. ვფიქრობთ, რომ პარასკევს საბოლოო შეთანხმება მიღწეული იქნება“,- განაცხადა დეკანოიძემ.
ინფორმაციისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.
ასევე, ნახეთ – ვინ დაუჭერს მხარს ოპოზიციიდან ზურაბ ჯაფარიძეს.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე










