„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეებისთვის ფულის დარიგებაში ადანაშაულებს.
ენმ-ის წარმომადგენელი რომან ახალაია ამბობს, რომ აქვთ დამადასტურებელი ფოტოები, სადაც მესამე საარჩევნო უბანზე მმართველი პარტიის კოორდინატორების მიერ სწორედ ფულის დარიგება ჩანს.
მისი თქმით, მხარდამჭერები კონკრეტულ, დაბურულ შუშიან მანქანასთან მიდიოდნენ, სადაც ქალი იჯდა და თანხას გასცემდა.
„ამ ფოტოზე ჩანს სიები და ფულის დარიგება. ეს ადამიანი ჩანთით დგას და აძლევს ფულს. რომ ვუღებდი, უცბად დამალეს. ოცლარიანი იყო, ათლარიანი“, – ამბობს ახალაია.
თავის მხრივ ნონა შეროზია, რომელიც არ პასუხობს ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა მმართველი პარტიის კოორდინატორი, ბრალდებებს უარყოფს.
შეროზიას თქმით, არანაირი სია არ აქვს და არც ფულს არიგებდა.
„ღმერთის წინაშე დავიფიცებ, რომ ფული არ ამომიღია. საჭმელი მოიტანა იმ ბიჭმა და ის ვჭამე. მე საფულე არ გამიხსნია“, – განმარტა ნონა შეროზიამ.
ბრალდებას უარყოფს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია.
„მე ჩემს მომხრეს სიით გამოვიყვან თუ ისე გამოვიყვან, ეს ჩემი ამბავია. არავის არ გადაუცია ფული და არც იქნება გადახდილი არასდროს. ჭიქაში ქარიშხალს არ უნდა ატეხვა. მერე რა, რომ სიებით არიან. საარჩევნო კოდექსს გადახედეთ, კანონდარღვევა არის? არანაირი ზეწოლა ეს არ არის. ეს არის კანონიერი უფლება. თუ ვიღაცამ რაღაც დააფიქსირა, ამის ორგანიზების და ორგანიზატორული ნიჭი როგორი აქვს ზოგიერთ პარტიას, შეგნებულად არ ვასახელებ. ძალიან კარგად იცის მოსახლეობამ. დამშვიდდით და მშვიდად გვაცალეთ არჩევნების ჩატარება“, – განაცხადა თაზო ფაცაციამ.
მისივე თქმით, მანქანას, რომელზეც „ენმ“ საუბრობს, მხოლოდ უკანა შუშა აქვს დაბურული და ეს კანონდარღვევა არ არის.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე
ავტორი: თეა შონია











