ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ,,შუამთობის” ღონისძიება არ გაიმართება!, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
„ძალიან ვწუხვარ, რომ მომიწია ამ გადაწყვეტილების მიღება. წელს არ გაიმართება “შუამთობის” დღესასწაულთან დაკავშირებული ოფიციალური ღონისძიებები. “შუამთობა” ჩემთვისაც მნიშვნელოვანი დღესასწაულია და მესმის იმ ადამიანების, ვისაც გადაწყვეტილება შესაძლოა არ მოეწონა. მაგრამ ჩვენთვის და მთელი აჭარისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ერთმანეთზე ზრუნვა, გვერდში დგომა და გადაწყვეტილებებიც ეპიდვითარების (რომელიც იცვლება) ყოველდღიური გაანალიზების შედეგად მიიღება.
მოგიწოდებთ და გთხოვთ ყველას, გაითვალისწინეთ შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, თავი შეიკავეთ მასშტაბული თავშეყრისგან და დაიცავით კოვიდრეგულაციები.
იმედს ვიტოვებ, რომ პანდემია, რომელიც შეზღუდვებს გვიწესებს, ვაქცინაციით მალე იქნება დამარცხებული და უფრო დიდი სიხარულით აღნიშნავთ ჩვენთვის საყვარელ დღესასწაულებს!“, – განაცხადა რიჟვაძემ.
ცნობისთვის, შუამთობა – ეს არის ტრადიციული დღესასწაული, რომელიც უკავშირდება მთა-ბარობასა და მეცხოველეობას. ზეიმი ტრადიციულად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იმართება და მაღალმთიანი აჭარის, განსაკუთრებით კი ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების ყოფა-ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
დროთა განმავლობაში ტრადიციების შეცვლის მიუხედავად, შუამთობა კვლავ სახალხო დღესასწაულად რჩება.











