ერთ ადამიანზე სისტემის ჯოხის გადატეხვა არ მიმაჩნია სწორად, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი საპატიმროში მოინახულა.
„რა თქმა უნდა, სპეციალურად როცა გავიგე, ეს ადამიანი დღემდე ციხეში ზის, მოვინახულე და გამოვკითხე. რა თქმა უნდა, მაინტერესებდა ყველაფერი. უბრალოდ, მე ჩემი აზრი შეიძლება გითხრათ, რომ ერთ ადამიანზე სისტემის ჯოხის გადატეხვა არ მიმაჩნია სწორად,“- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
ცნობისთვის, მარიანა ჩოლოიანს ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულებას ედავებიან. ის ბრალს არ აღიარებს. შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა,17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.











