გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე სვანეთში, 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ომეხ აფრასიძის დედას, დოდო აფრასიძეს შეხვდა. დოდო აფრასიძე შეხვედრაზე ადვოკატთან, ირმა ჭკადუასთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც ირმა ჭკადუამ ჟურანალისტებს განუცხადა, ეს იყო ერთ-ერთი ნაყოფიერი შეხვედრა, რაც კი ამ საქმეზე ყოფილა.
„გავეცანი გარკვეული ექსპერტიზის დასკვნებს, მათ შორის ბალისტიკურია, რომელიც ამ საქმისთვის უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა, იყო მსჯელობა კონკრეტულ დოკუმენტებზე, რომელზეც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. იყო ერთ-ერთი ნაყოფიერი შეხვედრა, რაც კი ბოლო ხანებში ამ საქმეზე გვქონია. ისეთი მასალები დაგვახვედრეს, რომ დარწმუნებული ვართ, რაღაც უნდა გააკეთონ. ეს რაღაც რა იქნება, ვერ გეტყვით, თუმცა ეჭვი არ მეპარაება, რომ ჩვენ მათ მუდმვად მოვთხოვთ პასუხს, არსებულზე და ახალ მასალებზე“, – განაცხადა ირმა ჭკადუა.
შეგახსენებთ, რომ დოდო აფრასიძე დაზარალებულად არის ცნობილი. ის “პრაიმტაიმ ნიუსთან” საუბრისას რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ უკანასკნელად საქმის გამომძიებელს 5 თვის წინ შეხვდა. დოდო აფრასიძე გენერალურ პროკურორთან შეხვედრას და მის კითხვებზე პასუხებს ითხოვდა.
სვანეთში სპეცოპერაცია 2004 წელს ჩატარდა, რომლის შედეგადაც დაიღუპნენ ევგენი და ომეხ აფრასიძეები, გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააპატიმრეს. გოჩა აფრასიძეს მისჯილი ჰქონდა 19-წლიანი პატიმრობა სხვადასხვა მუხლების შეკრების შედეგად, ხოლო შმაგი აფრასიძეს – 17-წლიანი პატიმრობა. აქედან მათ 9 წელი მოიხადეს და 5 წლის წინ, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ გათავისუფლდნენ.









