2021 წლის აპრილში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 44,8%-ით გაიზარდა. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე ეხმაურება.
მისი თქმით, არსებული რეკორდული ზრდა ანომალიური მოვლენაა და გასარკვევია რამდენად სწორად იყო გაანგარიშებული.
„მომდინარე წლის აპრილის თვეში ეკონომიკა გაიზარდა 45 პროცენტით. მიუხედავად პანდემიით გამოწვეული მშპ-ს ვარდნისა 2020 წლის შესაბამის თვეში, ეს მაჩვენებელი მეტია 2019 წელთან შედარებითაც. ეს ანომალიური მოვლენაა და საჭიროებს დეტალურ განმარტებას. პირველ რიგში გასარკვევია, რამდენად სწორად იყო გაანგარიშებული ე.წ. მშპ-ს დეფლატორი, ანუ ის კოეფიციენტი, რომელიც ამცირებს მას ინფლაციის გამო. სტატისტიკის სამსახური მთელი ერთი წლის განმავლობაში მანიპულირებდა ინფლაციის ზომის დადგენისას. ბევრ სხვა კითხვაზეა ასევე პასუხი გასაცემი. ტურიზმისა და მომსახურების სფეროს სრული კოლაფსის პირობებში მსგავსი შედეგები არარეალურია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მუშაობის საკითხი პარლამენტის მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.”, – წერს რომან გოცირიძე.










