“არ შეიძლება საკითხი ჯერ გადაწყვიტო და შემდეგ თქვა, რომ მერე ვიმსჯელებო, ამიტომ მგონია, რომ ეს არის უკუღმა და არასწორი შემოთავაზება. ვიღაცას რაღაც სურს, რომ განახორციელოს და ფურცელზე ჩამოწერეს ყოველგვარი ანალიზის, მსჯელობის, განხილვის გარეშე და ახლა რაღაც ფორმა აქვს, რომ თუ ამაზე დაგვეთანხმებით, შემოვალთ. თუ ვინმეს სურს, რომ “ქართულ ოცნებას” დაუყენოს ულტიმატუმი, რომ ეს არის საკითხები და მათ თუ გაიზიარებთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შემოვალთ, თუ ასე სვამენ საკითხს, ეს არის მიუღებელი”,- ასე ეხმიანება იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან “გირჩის” სტრატეგიის 7 პუნქტს.
“თუ საკითხს სვამენ, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის ეს არის პრიორიტეტული საკითხები, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ორგანო იმისთვის არსებობს, რომ ვიმსჯელოთ. ოღონდ ისე კი არა, რომ რაღაცას დავეთანხმოთ, მერე შემოვიდეთ და ისე ვიმსჯელოთ, არა – ჯერ ხდება განხილვა, საზოგადოებისთვის აზრის მიწოდება და ამ აზრის გაცვლა – გამოცვლის შემდეგ ყალიბდება კონკრეტული გადაწყვეტილება. მანდატს სჭირდება ათვისება და არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან შეთავაზება, რომ ეს საკითხი გაითვალისწინეთ. ეს ვერ გახდება ვაჭრობის საგანი. კიდევ ერთხელ, მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ყველა იმ პარტიასთან, რომელიც არის დემოკრატიულ საწყისებზე და პატივს სცემს დემოკრატიულ პრინციპებს, რომელიც ქვეყანაშია. თუ მათ სურთ ამ საკითხების გააქტიურება, მათ ექნებათ სრული ბერკეტი, ვიმსჯელოთ და ამ მსჯელობის შედეგად მივიდეთ გადაწყვეტილებამდე”,- განაცხადა ოხანაშვილმა.









