„ლეიობორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
როგორც შალვა ნათელაშვილი ამბობს, მსგავსი ქმედება ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის დაშინებაა.
„პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ საახალწლოდ გატარებული რეპრესიული ღონისძიებები არის ოპოზიციის დაშინება, ეს არის ტერორი, ერთპარტიული, არალეგიტიმური ტირანიის კიდევ ერთი დადასტურება. არ შემოდიხართ პარლამენტში? – ახლა დაგსჯით და მოღალატე თქვენსავე სიაში ჩასმულ ბიზნესმენებს შემოვუშვებ.
ეს ბიზნესმენები ვინ არიან ყველამ კარგად იცის, არც ერთი არ არის პოლიტიკური ფიგურა, არც ერთის პარლამენტში შესვლა არ გამოიწვევს პოლიტიკური სიტუაციის შეცვლას და არ მიიყვანს რეჟიმს მრავალპარტიულ პარლამენტამდე. თუ ახლა საჭირო გახდება ლექციების კითხვა, რას ნიშნავს მრავალპარტიული პარლამენტი, ბიძინა ივანიშვილი გამოძვრეს სოროდან, მოვიდეს მეხუთე რაუნდზე, დაჯდეს თვითონ და არა თავისი კურდღლები და იქ ავუხსნი, რას ნიშნავს მრავალპარტიული პარლამენტი“,- განაცხადა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა და ცნობად მიიღო.











