„ეს არის გირაოს გადახდის წინა პოლიტიკური სპექტაკლი ან პოლიტიკური ჰალუცინაცია“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც თალაკვაძე ამბობს, კანონის დარღვევით დემოკრატიულ სახელმწიფოში გმირი ვერ გახდება ვერავინ.
„რაც ვნახეთ ნიკა მელიას მხრიდან, ეს არის გირაოს გადახდის წინა პოლიტიკური სპექტაკლი ან პოლიტიკური ჰალუცინაცია, როცა მას ერთ შემთხვევაში ჰგონია, რომ თუ მისი მხარდამჭერები აპირებენ გვერდიდან გადუახადონ გირაო, ან მეორე შემთხვევაში, როდესაც მას ჰგონია, რომ კანონში ნიკა მელია ცალკე არის ჩაწერილი და მართლმსაჯულება მას განსაკუთრებულად მიუდგება, ამ შემეთხვევაში მის მიმართ მართლმსაჯულება იქნება ისეთი სამართლიანი, როგორც ეს არის სხვა ყველა მოქალაქის შემთხვევაში. კანონის დარღვევით დემოკრატიულ სახელმწიფოში გმირი ვერ გახდება ვერავინ, მათ შორის ვერც ნიკა მელია. საქართველოს პოლიტიკის მომავალი არის იმაში, რომ ჩვენ პატივი ვცეთ კანონს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძის თქმით, არასერიოზულია იმაზე ლაპარაკი, რომ ვინმე ნიკა მელიას გირაოს თანხას შეუგროვებს.
„ვინმეს სერიოზულად გჯერათ იმის, რომ ნიკა მელიას შეიძლება ხალხმა შეუგროვოს ფული და შეუტანოს ჩუმად გირაო? ეს ხომ აბსურდია. ადვოკატებს აქვთ მონაცემები. ნიკა მელია და მისი მხარდამჭერი მედიასაშუალებები ცდილობენ კამპანიის აგორებას, ეს არის გირაოს გადახდის წინა სამზადისი. თუ ვინმე გადაუხდის ამ გირაოს.
თუ პროკურატურა პარლამენტს მომართავს დასაბუთებულ მოთხოვნით, პარლამენტი მიიღებს სათანადო გადაწყვეტილბას“,- აღნიშნა მან.











