“ევროპული საქართველოს” წევრებმა, გიგი წერეთელმა და ვახტანგ კალოიანმა ეპიდ-სიტუაციისა და ვაქცინაციის პროცესის შესახებ ბრიფინგი გამართეს და ხელისუფლებას მათი პარტიის ინიციატივა გააცნეს.
„ევროპული საქართველოს“ ინიციატივის თანახმად, ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის წამახალისებელი შეღავათების დაწესება არის საჭირო, ხოლო აცრილი მასწავლებლები საშემოსავლო გადასახადისგან 3 თვით უნდა გათავისუფლდნენ.
„ჩვენ ვხედავთ ციფრებს, მონაცემებს, ანალიტიკას და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს არსებული ვითარებით საქართველო არის ძალიან მაღლა იმ უარყოფით სიაში, რომელიც ვრცელდება მთელ მსოფლიოში. ეს ეხება როგორც გავრცელების სიხშირეს, ისე სიკვდილიანობას. სამწუხაროდ, ბევრი მიღებული ზომა არის არაეფექტური, მათ შორის – ყველაზე მეტი, ეს არის ვაქცინაციის ტემპი, საინფორმაციო კამპანია, მენეჯმენტი, საწოლების რაოდენობა და სხვა, რაზეც ყოველდღიურად არის საუბარი.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ჩვენ მიერ მიწოდებული სისტემა აამოქმედოს, რითაც მოქალაქეები როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვების ჯანმრთელობას დაიცავენ“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
პარტიის წევრის ვახტანგ კალოიანის თქმით: „საუბარი არის დღეებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დრამატული მდგომარეობა და გარდაცვალების ის ტრაგიკული ციფრები გაიზრდება. ჩვენ ძალიან მძიმე აგვისტო და შემოდგომა გველოდება, ამიტომაც სწრაფი, ადეკვატური, თანმიმდევრული ნაბიჯები არის გამოსავალი. საუბარი არის რამდენიმე დღეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგული თვეების გამო ჩვენ ისე გაგვიგრძელდება ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდა“, – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.











