„პრაიმტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ, შესაძლოა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
გიორგი ქობულია სააგენტოს ამ ინფორმაციას უდასტურებს და აცხადებს, რომ წლის მთავარ პოლიტიკურ მარათონში მონაწილეობას „არ გამორიცხავს“. ამ და სხვა საკითხების შესახებ ყოფილი მინისტრი “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში საუბრობს.
გიორგი ქობულია: პოლიტიკაში მოსვლაზე ვფიქრობ, მაგრამ ჯერჯერობით, კონკრეტულად სათქმელი არაფერი მაქვს, რადგან დანამდვილებით გეუბნებით, რომ არანაირი კომუნიკაცია და არც პოლიტიკური კონსულტაციები არავისთან მქონია.
ვინმესთან კონსულტაციები რომ მქონოდა, ალბათ, პოლიტიკაში აქტიურობას განვახორციელებდი. ალბათ, არსებობს მიზეზები, რომელთა გამოც, ჩემს თავს რამდენიმე პარტიასთან ვერ ვხედავ. შესაძლოა, ისინიც ვერ ხედავენ ჩემს ადგილს მათთან.
–ვინ წარმოგიდგენიათ პოლიტიკურ თანამოაზრედ?
-ამ კითხვაზეც, ჯერჯერობით, ვერ გაგცემთ პასუხს, რადგან სახელებისა და გვარების დასახელება ჩემი მხრიდან კორექტული არ იქნება, მითუმეტეს, თუ პოლიტიკური კონსულტაცია ამ ხალხთან გავლილი არ მაქვს. თუმცა არიან რიგი პოლიტიკოსები, შეიძლება, არ არის ყველა ერთ განსაზღვრულ პარტიაში, მაგრამ არის ხალხი, რომელიც ჩემს პრინციპებს იზიარებს და ალბათ, პოტენციურად შეიძლება, განმეხილა არაერთ ადამიანთან თანამშრომლობა.
ამ ხალხს ჯერ ვერ დავასახელებ, რადგან პირველ ყოვლისა, მათთან არა მაქვს შეთანხმებული და კონსულტაციები არ გამივლია. მერე, ეს არ არის ერთი პარტიიდან წამოსული ხალხი, შესაძლოა, იყოს – რამდენიმედან.
–მიიღებთ თუ არა მონაწილეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში?
-არ ვიცი – მართლა არ ვიცი. ხომ ხედავთ, როგორ სწრაფად იცვლება ყველაფერი, ამიტომ რა მოხდება, რა შეიცვლება… მე თუ უცებ დავინახე, რომ პირადად შემიძლია შევიტანო რაღაც განსაზღვრული წვლილი ამ პროცესში – პირადად შემიძლია რაღაც დადებითი შევძინო ამ პროცესს, რაღაც შანსი მექნება და კონფიგურაცია შეიკრა, მე არ გამოვრიცხავ ამას (გულისხმობს არჩევნებში მონაწილეობას). თეორიულად ხელები შეკრული არანაირად მაქვს.
–ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატების“ ერთ-ერთმა წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში თქვენი მიწვევის ინიციატივა წამოაყენა, რათა ისაუბროთ იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში წააწყდით. თუკი მიგიწვიეს, მზად ხართ პარლამენტში მისასვლელად?
-თუ მიმიწვიეს და მექნება საშუალება, რომ ვისაუბრო ამ პრობლემებზე – რატომაც არა. მაგრამ სამწუხაროდ, ამ მომენტში საქართველოში არ ვიმყოფები, ამიტომ ფიზიკურად ამის გაკეთებას ვერ შევძლებ, კიდევაც რომ მინდოდეს. მაგრამ რა თქმა უნდა, არაფერი მიშლის ხელს, რომ პარლამენტის წინაშე იმ პრობლემების შესახებ ვისაუბრო.
–ვინ იყო თქვენი ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დანიშვნის ინიციატორი?
-ამ თანამდებობის დაკავება ფორმალურად მამუკა ბახტაძემ შემომთავაზა. რა თქმა უნდა, მისი იდეა იყო. არ ვიცი ვინ მიაწოდა და როგორ, მაგრამ რატომ არ უნდა ყოფილიყო მისი იდეა?!
– ვიდრე პარლამენტში მიგიწვევდნენ, იქნებ მანამდე ჩვენ მოგვახსენოთ – რატომ დაგატოვებინეს თანამდებობა?
-ჩემი აზრით, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, ალბათ, იყო ის, რომ მე ვერ გავითავისე ის პრინციპები, რომლის მიხედვით, ეკონომიკის რაღაც სექტორები იმართებოდა. არაფერია დასამალი, აქ ლაპარაკია განსაზღვრულ სქემებზე, რომლებიც მმართველ ძალას მიაჩნდა, რომ უფრო მოქნილია, რაც მე ვერ გავითავისე და ალბათ, ამასთან დაკავშირებით, მათ გუნდში ვერ ჩავეწერე.
ვთვლი, რომ მე რეალურად, ამ გუნდის წევრი არასდროს ვყოფილვარ.
–ვინ მოგთხოვათ თანამდებობის დატოვება?
-ამასთან დაკავშირებით, საკმაოდ ბევრი დისკუსიები მიმდინარეობდა. მე მთხოვდნენ თანამდებობა ჯერ კიდევ რამოდენიმე თვით ადრე დამეტოვებინა.
რა თქმა უნდა, ამ პროცესში მამუკა ბახტაძის როლი შეზღუდული იყო. ეს არ იყო მისი ინიციატივა. გასაგებია, რომ აქ ძირითადად კონსულტაციებს პარტიის ხელმძღვანელთან გავდიოდით.
–პარტიის ხელმძღვანელმა გითხრათ, რომ თანამდებობა უნდა დაგეტოვებინათ?
-დიახ, რა თქმა უნდა, მანაც მათ რიცხვში.
–რა დაგისახელათ მიზეზად ?
-პირდაპირ გეტყვით, „ცუდი მინისტრი ხარ“ – დიახ, ასეთი ახსნა-განმარტება მოვისმინე, რატომ უნდა დამეტოვებინა თანამდებობა – რომ ვიყავი ცუდი მინისტრი. თუ რა იყო ცუდი მინისტრობა, ამაზე პასუხი ვერ გავიგე.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











