სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი სწავლის დისტანციურად გაგრძელებას მოითხოვს. ამ მოთხოვნით Change.org-ზე შექმნეს პეტიცია, რომელსაც უკვე 1 700-ზე მეტი ხელმოწერა აქვს.
სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის მიზეზად სტუდენტები ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციას და ჯანმრთელობის რისკებს ასახელებენ.
„შექმნილი ეპიდსიტუაციიდან და იმ ჯანმრთელობის რისკებიდან გამომდინარე, რაც კოვიდ და ცხელების კლინიკებში თუ უნივერსიტეტის აუდიტორიებში მისვლა შეუქმნის სტუდენტებს, მათი ოჯახის წევრებსა თუ ლექტორებს, ვფიქრობთ, ამ ეტაპზე თსსუ-ს ადმინისტრაციის მხრიდან, ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება, სწავლის დისტანციურად გაგრძელებაა.
სტუდენტთა გარკვეული ნაწილი არის აჭარიდან, რომლებიც წარმოადგენენ გარკვეულ საფრთხეს სტუდენტებისთვისაც და ზოგადადაც. შესაძლოა მათ ვერც კი შეძლონ თბილისში ჩამოსვლა.
თერმოსკრინინგი, რომელსაც ახდენს უნივერსიტეტი, არასანდოა, ვინაიდან, ვირუსი შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.“ – ნათქვამია პეტიციაში.
შეგახსენებთ, უმაღლეს სასწავლებლების აუდიტორიებში სწავლის აღდგენა 19 ოქტომბრიდან დასაშვები იქნება.











