დღეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარტიას დააფუძნებს. რა რეიტინგი ექნება გახარიას „ქართული ოცნების“ გარეშე და შეძლებს თუ არა ექსპრემიერი გახდეს მიზეზი იმისა, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნებში 43%-იანი ზღვარი ვერ გადალახოს?
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი რომან გოცირიძე „პრაიმტაიმნიუსთან“ აცხადებს, გახარიამ, შესაძლოა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ნაწილის გადაბირება შეძლოს.
„გახარია მაშინ მივიდა ბიძინა ივანიშვილის გაწყობილ სუფრაზე, როცა ყველა ადგილი დაკავებული იყო. ახლა მას სუფრიდან ვიღაცების ჩაჩოჩება მოუწევს, ვიღაცას ამოაგდებს და სუფრაზე თვითონ დაჯდება.
ახლა მიდის ბრძოლა ივანიშვილის კარზე ადგილის მოსაპოვებლად. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ღელავს, რადგან ხედავს, რომ კონკურენტი გამოუჩნდა ივანიშვილთან ურთიერთობაში.
ეს არის წმინდა საოჯახო საქმე. საბოლოო ჯამში, ეს არის ივანიშვილის ორი ფრთა, რომელიც შეძლება, მოიაზრებოდეს კონკურენციაში მყოფ ძალებად.
გახარია „ქართულ ოცნებას“ ხმებს წაართმევს, ხოლო რამდენს, ამის დათვლა არავის შეუძლია. თუ „ქართულ ოცნებას“ 43 კგ ბალახის მოძოვა შეეძლო, ახლა, შესაძლოა, 40 კგ-მდე ჩამოვიდეს“,- განაცხადა გოცირიძემ.
დღეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია „ექსპოჯორჯიას“ ტერიტორიაზე გაიმართება და მას 400-მდე სტუმარი დაესწრება.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე










