“მარტივი გამოსავალი არის გამოძიება – ასე მოხდებოდა ნორმალურ ქვეყანაში და “ქართული ოცნება” ხომ სულ იმას ამტკიცებს, რომ კარგ დემოკრატიაში ვცხოვრობთ, რომ გარეთ მზე ანათებს და ჩიტები ჭიკჭიკებენ?! მაშინ იმოქმედოს ამ სტანდარტით”,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს გამოეხმაურა.
„ჩანაწერებით პოლიტიკის მართვის ძალიან მძიმე რეალობა ამ ქვეყანაში არ სრულდება და ეს თავისთავად არის სერიოზული გამოწვევა, მაგრამ იმ ჩანაწერებზე, რაც გუშინ გავრცელდა ძალიან ცალსახაა შეფასება. ის ჩანაწერი, რაც გუშინ გავრცელდა არ არის პირადი ხასიათის საუბარი, მით უმეტეს ეს არ არის პირადი ცხოვრების შინაარსის შემცველი და იმ შინაარსიდან გამომდინარე, რომელსაც ეს ჩანაწერი ატარებს საუბარი იმაზე, რომ ასეთი ჩანაწერის განხილვაში არ უნდა შევიდეთ სამართლებრივადაც არასწორია, პირიქით ეს შინაარსი შესაძლოა ამხელდეს უმძიმეს ფაქტებს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც დღეს არიან ხელისუფლებაში. მორალური და პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩანაწერში ჩანს ვინ რაზეა წამსვლელი და ვის რა ტიპის ურთიერთობები აქვს და როგორ უყურებენ საერთოდ ძალაუფლებას და ძალაუფლების გამოყენების საზღვარი, რომ არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, არის ეს ჩანაწერი მამხილებელი შინაარსის და გამომდინარე უზარმაზარი საზოგადოებრივი ინტერესიდან, რომელიც მდგომარეობს ამ ფაქტების დადასტურებაში ან უარყოფაში, მედიას ჰქონდა არამხოლოდ უფლება გამოქვეყნების, არამედ ვალდებულებაც.
ახლა მთელი ვალდებულება გადადის საგამოძიებო უწყებებზე, მათ არ აქვთ არჩევანი კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, რომ დაიწყოს გამოძიება. აქ პრობლემა ჩანაწერი როგორ გაკეთდა და ვის მიერ გაკეთდა, ცხადია, რომ ერთ-ერთი შესასწავლი საკითხი იქნება, მაგრამ ახლა მთავარი აქცენტი არ უნდა დაიკარგოს და ისრების გადატანის მცდელობა არ უნდა მოხდეს. მთავარი აქცენტი არის ის, თუ რის მხილებას ახდენს ეს ჩანაწერი და რომ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს სიმართლე. გამოძიება უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ავტორიტეტული აქტორების ჩართულობით, რომ ეს გამოძიება სანდოობით სარგებლობდეს, მაგრამ იმის გამო, რომ ზოგადად თანამდებობიდან გამომდინარე პრემიერს და ანზორ ჩუბინიძეს, ყველა ბერკეტი აქვს, რომ ზეგავლენა მოახდინონ გამოძიებაზე, ასეთია დემოკრატიული ქვეყნის სტანდარტი, რომ ისინი უნდა გადადგნენ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.











