„დაგვიტოვა რაღაც ნივთი“,- ამ სიტყვებით გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის მიერ კომიტეტზე სარკის დატოვების ფაქტს.
მისი თქმით, სჯობს თავად ნაცვლიშვილმა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ჩაიხედონ სარკეში.
„ეს არის არაჯანსაღი დამოკიდებულება საკითხისადმი და ესენი არიან პოლიტიკოსებად წოდებული ადამიანები, რომლებიც დაცლილი არიან ჯანსაღი მიდგომისგან, ეთიკურობისგან, ელემენტარული კულტურისგან, რომ პატივი სცენ ადამიანს, თუნდაც არ მოგწონდეს კონკრეტული აზრი. დემოკრატიულობას ქადაგებენ და განსხვავებულ აზრს როდესაც აფიქსირებ, შენ მიუღებელი ხარ. როგორც კი განსხვავებულ აზრს აფიქსირებ, ხარ მათი მტერი, ეს არის მიდგომა და დამოკიდებულება. ეს გახლავთ ადამიანი, რომელსაც მოსწონდა თავის დროზე და ხმა არ ამოუღია პრეზიდენტის მიერ უზენაეს სასამართლოში მოსამართლის ერთპიროვნულად დანიშვნის წესზე. თუ გახსოვთ ამ ადამიანის ერთი კრიტიკული დამოკიდებულება, პრეზიდენტი რა ფორმით იღებდა გადაწყვეტილებას, ვისგან გადიოდა კონსულტაციას, გამჭვირვალედ რომ არ წარიმართებოდა და ხდებოდა განწესება. ეს არის ორმაგი სტანდარტი. ეს ყველაფერი შეიცვალა და რადგან თვითონ არ შეცვალეს, რადგან თავად არ არიან უმრავლესობაში, თურმე ფარსი ყოფილა და სპექტაკლი ვინ მოაწყო, კი ნახეთ, საზოგადოებამ დაინახა. შესაბამისი პარტიული ტელევიზიების ეთერებში იხილავთ, ალბათ 3-4 საათიან ჩართვებში იხილავთ ამ ყალბ პათოსს, როგორი ცეცხლი დაანთო ქალბატონმა ანამ. ეს არის ადამიანი, რომელთა მშობლებიც ასაჩივრებდნენ სტრასბურგის სასამართლოში, ნაცვლიშვილი- ტოგონიძის ქეისი ყველას კარგად გახსოვთ, სადაც სააკაშვილს ეუბნებოდნენ, რომ დაატერორა მათი ოჯახი და დღეს მათ გვერდით არიან. ეს არის ღირებულებითი კონტექსტი, ასე რომ, ყველაფერი ცხადია. კოლეგებო, მგონი, არ ღირს პოლემიკაში შესვლა, მასაც სწორედ ეს სურდა, თუმცა როგორი არასერიოზული დამოკიდებულებითაც მოვიდა ამაზე მეტყველებს, რომ დაგვიტოვა რაღაც ნივთი. მათთვის კარგი იქნება, თვითონ ჩაიხედონ სარკეში, რომ მიხვდნენ, სად არიან და ლეგიტიმაცია ვის არ აქვს, კარგად დაინახავენ. მშვიდობიან გზას ვუსურვებ ქალბატონ ანას, „ლელო ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, რომლებსაც, რა თქმა უნდა, არ ექნებათ არასდროს ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა, ვინაიდან საზოგადოება მათ ამის უფლებას არ მისცემს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის “ლელოს” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დარბაზში, სადაც უვადო მოსამართლეობის მსურველთა მოსმენა მიმდინარეობს, სარკე დადგა.
მისი თქმით, მიმდინარე სხდომა ყალბია და მოსამართლეობის კანდიდატებმა და მმართველი გუნდის ლიდერებმა სარკეში უნდა ჩაიხედონ, რათა თავიანთი თავი დაინახონ.
შეგახსენებთ, 25-26 ნოემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაეს სასამართლოში ოთხი მოსამართლის ასარჩევად კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო. 25 ნოემბერს კომიტეტი ორ კანდიდატს – გენადი მაკარიძეს და თამარ ოქროპირიძეს გაესაუბრება.