გაერთიანებულ ოპოზიციაში “ძალა ერთობაშია” შემავალ პარტიებს შორის დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის – როგორც “პრაიმტაიმნიუსისთვის” გახდა ცნობილი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, შესაძლოა, პოზიცია შეცვალოს და ოპოზიციისთვის დათმობილ დიდუბისა და საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის საკუთარი კანდიდატები დააყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე სააგენტოს ნაწილობრივ უდასტურებს.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, გაერთიანებული ოპოზიცია ამ ოლქებში საკუთარი კანდიდატების დასახელებას ვერ ახერხებს, რაც “ნაცმოძრაობის” წინასაარჩვენო კამპანიის წარმართვას ხელს უშლის.
„ჩვენ არა ერთხელ განვაცხადეთ, რომ ვაყენებდით ოლქებში თითქმის ყველგან მაჟორიტარობის კანდიდატებს, ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელი იყო ერთ-ორ ოლქში გამონაკლისის დაშვება, თუკი იქნებოდა შესაძლებელი ივანიშვილის დამარცხება ამ გამონაკლისის საფუძველზე. თუმცა კონსულტაციების პროცესი ჩიხში შევიდა.
ჩვენ უპრეცენდენტო შეთავაზება გამოგვივიდა, რომ თბილისში არ დავაყენეთ თითქმის ყველგან მაჟორიტარობის კანდიდატებს – გამოდის, რომ ასეთი პოზიციით მთელ თბილისზე ამბობ უარს, რაც ძალიან ცუდია პროპორციული სიისთვის, რადგან 80% მანდატების პროპორციული სიით ნაწილდება. ჩვენ ამ დათმობაზე მაინც წავედით, მაგრამ რას ვხედავთ, ერთი თვე გავიდა და გაერთიანებულ ოპოზიციას დიდუბეში და საბურთალოზე კანდიდატი არა ჰყავს დასახელებული.
ერთთვიან ლოდინში ვიმყოფებით, ძალიან გვეშლება ხელი მუშაობაში. აგერ გადახედეთ, რა ხდება გლდანში, რა ხდება სამგორში, სიცოცხლე ჩქეფს, თუ შეიძლება ასე ითქვას. ყოველდღიურად ვართ ამ პროცესებში და ვიცით, როგორ იძლიერებს მაჟორიტარობის კანდიდატი მხარდაჭერას. პირველ პირში, ვიტყვი, რომ ვიღაცას არ ეწყინოს, როდესაც ერთი თვეა ბოლო ორ ოლქში შეთანხმებული კანდიდატი ვერ დაგვიყენებია, თუმცა ჩვენი დასაყენებელი არ იყო კანდიდატები, მაშინ რომელ 22 ოლქის შეთანხმებაზეა საუბარი?!
ჩვენ არ ვიცით, რას ვიზამთ, ამ თავისუფალ ოლქებში დავაყენებთ თუ არა კანდიდატებს. რამდნიმე ხანი, შესაძლოა, იყოს პარტია ლოდინის რეჟიმში?! ვცდებით და ხელის გვეშლება საარჩევნო კამპანიაში. ვინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ ექვს ოლქებზე უარი ვთქვით, ერთი თქვე გავიდოდა და ორი ოლქი იქნებოდა კვლავ დაუკომპლექტებელი. არ ვიცით, ამ ორ ოლქში მოვლენები როგორ განვითარდება“,- განაცხადა გოცირიძემ.
ინფორმაციისთვის, პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაერთიანებულ ოპოზიციას თბილისში 8-დან 6 ოლქი დაუთმო, ხოლო გლდანსა და სამგორში საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატები დააყენა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე










