უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტ ქეთევან ქარდავას მიმართ შექმნილ აჟიოტაჟს ეხმაურება.
„გაუგონარი შეტევა ხდება ჟურნალისტ ქეთევან ქარდავაზე, მხოლოდ იმის გამო, რომ მან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, “გაბედა” თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის მიერ გასაჯაროებული ნარკოტესტის პასუხის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება.
ორმაგი სტანდარტია, როდესაც ამ სრულიად მისაღებ ფორმებში განხორციელებულ ქმედებას გმობენ ის ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, რომლებიც ამართლებენ და მხარს უჭერენ პარტიული ტელევიზიების მოქალაქეთა სახლებში შეჭრას, დეზინფორმაციისა და სიძულვილის გავრცელებას საზოგადოებაში.
ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა ჟურნალისტ ქეთევან ქარდავას! “,- წერს ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში.
იმედის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ვენაში ჩავიდა და შეეცადა გაერკვია, ჩაიტარა თუ არა პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ კლინიკა RUDOLFINERHAUS-ში ნარკოტესტი.









