„ბუნებრივია დემოკრატია დებატებში იშვება და ამიტომ, ჩვენ არასდროს არ გვითქვამს უარი და არც არასდროს ვიტყვით“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ის თანახმა არის დებატებზე, თუმცა საუბარი ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ყველა ტელევიზიის წარმომადგენლების თანდასწრებით უნდა შედგეს. გიგი უგულავა დებატებში ბიძინა ივანიშვილის და გიორგი გახარიას მონაწილეობასაც ითხოვს.
„ეს შემოთავაზება კიდევ უფრო მეტად არის გასაჭირის ნიშანი და „პაკაზუხობა“ დაიწყეს. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას: ერთი – ბუნებრივია დემოკრატია დებატებში იშვება და ამიტომ, ჩვენ არასდროს არ გვითქვამს უარი და არც არასდროს ვიტყვით, მაგრამ არის წესები. მე ვფიქრობ, რომ პირველი და მთავარი წესი არის ის, რომ დებატები უნდა იყოს ნებისმიერ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, საიდანაც იქნება სიგნალი ყველა მსურველი ტელევიზიისთვის და დაახლოებით 7 ძირითადი ტელევიზიისგან უნდა იყვნენ წარმოდგენილნი ჟურნალისტები. მეორე – კობახიძემ სადღაც ეთერში წამოწოლილმა თითები დაატკაცუნა და თქვა – „მე დებატი მინდა და ახლა ბიჭებო დებატი იქნება“ – ეგ ელაპარაკოს თავისნაირებს სადაც გაუვა. ვინ არის კობახიძე, „ღლაპი“, რომელიც დაუჯერებელ სისულელეებს ლაპარაკობს. მაგ პარტიას ყავს თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, მოვიდეს და გველაპარაკოს. მას ყავს რამდენიმე „პაჟი“, მათ შორის ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრია… ასე რომ არის წინაპირობები რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ ეს დებატი შედგეს. მოინდომა ბიჭმა, წამოწვა თავის ახლობელ ტელევიზიებში და მოდით გავარჩიოთ საქმეო… მაგას ხომ არ „ძმარავს“ ცოტა?!.“, – განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ოპოზიცია დებატებში გამოიწვია, რომელიც 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე საუბარს შეეხებოდა.











