თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გაბუნია და ნიკა გვარამია მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დღეს დაიკითხებიან. ამის შესახებ ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფების მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა სუს-ისადმი უნდობლობიდან გამომდინარეობს.
„გიორგი გაბუნია და ნიკა გვარამია დაბარებული არიან დაკითხვაზე მაგისტრატ მოსამართლესთან 11:00 საათზე და 13:00 საათზე, შესაბამისად ისინი გამოცხადდებიან თბილისის საქალაქო სასამართლოში და გავცემთ პასუხებს კითხვებზე, რომლებიც ექნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. პოზიცია, სასამართლოში მომხდარიყო მათი დაკითხვა გამომდინარეობს იქიდან, რომ პრინციპში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აქამდეც არაერთხელ ყოფილა ნიკა გვარამიას დაკითხვის მცდელობა და ყოველთვის ჩვენი პოზიცია იყო, რომ სასამართლოში მომხდარიყო დაკითხვა, ეს გამომდინარეობს უნდობლობიდან რასაც, რა თქმა უნდა, ობიექტური საფუძვლები გააჩნია. დაკითხვის პროცედურასთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი არ მაქვს, ისედაც ზოგადად საქმესთან დაკავშირებით გამიჭირდება რაიმე კონკრეტულ მოლოდინზე საუბარი, რადგან ჩემთვის უცნობია საქმის მასალები“, – განაცხადა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ცნობისთვის, 15 ივნისს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გეგმავდა.
მისივე თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, საქმის გამოძიება კი თავდაპირველად უკრაინაში დაიწყო.
16 ივნისს, კადიროვი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის დავალებებს „ყოველთვის ასრულებენ“. მისივე თქმით, გაბუნიამ მას და მთელს რუსეთს შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც „მუხლებზე უნდა დადგეს და ბოდიში მოიხადოს“.










