ნიკა მელიას გირაოს გადახდა რომ ნდომოდა, ახლა ციხეში არ იქნებოდა,- ასე ეხმაურება „ფორმულას“ ეთერში გიორგი კანდელაკი პროკურორ ამირან გულუაშვილის ბრიფინგს იმის თაობაზე, რომ პროკურატურა მზადაა მიმართოს სასამართლოს მელიას პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით, თუ მელია გირაოს ამჯერად მაინც გადაიხდის.
„ამ გირაოს გადახდა რომ ნდომოდა ნიკა მელიას, ციხეში კი არ წავიდოდა?! ეს რაღაც თამაშია. არასერიოზულია ეს დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ უბრუნდებიან იმ მოცემულობას, რა მოცემულობაზეც ნიკამ თქვა უარი”, – განაცხადა კანდელაკმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა მზადაა, გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე სასამართლოს მიმართოს.
ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მეორე დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს, 25 თებერვალს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი, რომლებიც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ.











