ჩვენმა ამომრჩეველმა იცის, რომ „გირჩი“ არასდროს აიღებს საბიუჯეტო დაფინანსებას, ჩვენ თავიდანვე გვქონდა დაანონსებული ეს, გაცხადებული გვქონდა, რომ იმ დაფინანსებით გავათამაშებდით „ტესლებს“,- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებზე მიღებული ხმების შესაბამისად დაფინანსების მიღება იმ ფონზე, როდესაც თავად არჩევნების შედეგებს პარტია არ აღიარებს, ბოიკოტთან შეუთავსებელია.
„ თუ ვაცხადებთ ბოიკოტს და არ შევდივართ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები პარლამენტში, ჩვენთვის გასაგებია ერთადერთი რამ, რაში ვიღებთ ფულს. თუ საპარლამენტო მუშაობაში საპარლამენტო პარტიისთვის გამოყოფილ ფულს ვიღებთ მაშინ, როცა არ შევდივართ პარლამენტში ბოიკოტის გამო, ეს ჩვენთვის გაუგებარია. ჩვენ იმიტომ არ შევდივართ პარლამენტში, რომ მთელმა ოპოზიციამ ჩათვალა, არჩევნები არსებითად არის გაყალბებული, ისე გაყალბდა რომ პირველ ტურში ხელისუფლება ვერ დარჩებოდა ხელისუფლებაში. იმ არჩევნების შედეგად, რომლის გამოც არ შედიხარ პარლამენტში, მანდატებს არ აღიარებ და აღიარებ ამის მხოლოდ ერთ ნაწილს- საფინანსო დაფინანსებას, ჩვენ ეს არ მიგვაჩნია სწორად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბოიკოტი უნდა იყოს ბოიკოტი და პოლიტიკური პარტიები სრულად უნდა გაემიჯნონ ხელისუფლებას, თუ ისინი ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან. მათ შორის მე უფრო მეტის მომხრეც ვიყავი, რომ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენლები საკრებულოებში, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, ჩემი აზრით, ამ რეალობაში აზრს კარგავს საკრებულოში მუშაობა „ქართულ ოცნებასთან“. ჩვენ რომ ვყოფილიყავით, ყველა ჩვენს წარმომადგენელს ასეთ რეჟიმში გამოვიხმობდით ყველა ორგანოდან და „ქართულ ოცნებას“ დავტოვებდით მარტო. ჩვენ ასე ვუყურებთ, ნამდვილი ბოიკოტის მომხრეები ვართ, თუ ბოიკოტს ვაკეთებთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.










