„გირჩი“ პარლამენტშია და ეს სენსაციაა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
„მოვედი იმისთვის, რომ გავერკვიო გუშინდელი ღამის სიტუაციაში, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია ამ ქვეყანაში, რომელსაც ტრადიციული პარტიული სტრუქტურა არ აქვს. გუშინდელ არჩევნებზე, დაახლოებით უბნების 10 პროცენტზე გვყავდა დამკვირვებლები, გვეხმარებოდნენ ჩვენი მეგობრები. ჩვენ მოვედით დღეს „ლეიბორისტების“ ოფისში, რათა მოვუსმინოთ ჩვენს კოლეგებს, ოპოზიციურ ერთობას, რა ინფორმაცია აქვს იმ დარღვევებზე, რაც გუშინ მოხდა. ამის შემდეგ უკეთ გვეცოდინება რაზე უნდა გვქონდეს პრეტენზია და რა მოვითხოვოთ. ჩვენ შემთხვევაში რომ ხმები დაიკარგებოდა, ზუსტად ვიცოდით, რეგიონებში დამკვირვებლები არ გვყოლია. თუმცა მასშტაბზე წარმოდგენა არ გვქონდა. „გირჩი“ პარლამენტშია და ეს სენსაციაა. რაც შეეხება ხმების დაკარგავს, არ ვიცით, რამდენი დავკარგეთ, ამიტომ ველოდებით ინფორმაციას. დარწმუნებულები ვართ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიც იმავეს ელოდებიან, რომ საკუთარი შეფასებები გააკეთონ“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.
რაც შეეხება აქციას, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაანონსა, როგორც ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, შეუერთდება თუ არა „გირჩი“ აღნიშნულ აქციას, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
„ვფიქრობ რომ, როდესაც ოპოზიციამ ეს აქცია დაანონსა, სულ სხვა მონაცემები ჰქონდა გამოქვეყნებული ცესკო-ს, იმის მერე 7 პროცენტით დაიწია „ოცნების“ მონაცემებმა. ფაქტობრივად, რაღაც პროცესის მონაწილეები ვართ, წარმოდგენა არ მაქვს დღეს რომ მოვლენ თავიანთი ინფორმაციით რას დადებენ მაგიდაზე. ამის მერე გადავწყვეტთ რას ვიზამთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











