„ვცდილობდით მშვიდობიანად, ხელებაწეული ასვლას ბარიკადს იქით და პოლიციამ გაგვიწია წინააღმდეგობა“, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
„ვცდილობდით მშვიდობიანად, ხელებაწეული ასვლას ბარიკადს იქით და პოლიციამ გაგვიწია წინააღმდეგობა. სახლების მიმართულებით წასვლას ვცდილობთ მეტი არაფერი. პირველ რიგში ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ეს სამარცხვინო ბარიკადი აიღონ. ეს არის რეპრესიების სიმბოლო დამოუკიდებელ საქართველოში. ეს სამარცხვინო ბარიკადი, რომელიც სახლში წასვლაში გვიშლის ხელს თითოეულ ჩვენგან. ამაზე მეტი არ შეიძლება რამე ხდებოდეს, ვიდრე ეს არის, ჰესი აქ აბსოლუტურად მეასეხარისხოვანია, სადაც ეს ბარიკადია და არ გვეძლევა საშუალება, რომ სახლებში წავიდეთ. აქ არ არის საუბარი იმაზე, ხომ არ ვიჭრებით სადმე, რამეს ხომ არ ვაზიანებთ? 214 დღეა, ვართ ხეობაში და არაფერი არ დაგვიზიანებია. არსად არ შევჭრილვართ, გვინდა გადავადგილდეთ, გზაზე ხედავთ ბარიკადებს. ეს პროცესი ასე გაგრძელდება და ვნახოთ ვინ ვის გადატეხავს საბოლოო ჯამში“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული, ხმაურია. „ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეები რკინის ბარიკადებზე ხელებს ურტყამენ და ამ ფორმით პროტესტს გამოხატავენ.
ამასთან ისინი ხელების აწევით ცდილობდნენ, ბარიკადებს მიღმა გადასვლას, თუმცა ამის საშუალება მათ არ ეძლევათ. საპირისპირო მხარეს კი ხალხის მასას პოლიცია აწვება.











