ყველაფერზე ვერ შევთანხმდებით, რადგან პარტიები ერთმანეთის კონკურენტები არიან, ასეთია არჩევნების ლოგიკა, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „ლელო საქართველოსთვის“ მიერ ვაკის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატის დასახელებაზე კომენტირებისას განაცხადა.
„კარგი იქნებოდა, შეთავაზება – დედაქალაქში კონკურენცია არ გაგვეწია, ბოლომდე შესრულებულიყო. ეს სანახევროდ შესრულდა. მასში მონაწილეობა რამდენიმე პარტიამ არ მიიღო, მათ შორის, „ლელომ“. ჩვენ არ გვსურდა, კანდიდატი დაგვეყენებინა საბურთალოზე და ველოდით, რომ ვაკესა და გლდანში კანდიდატურას ისინიც არ დააყენებდნენ, მაგრამ არაუშავს, ეს კონკურენციაა. ამას სავსებით ნორმალურად ვუყურებთ.
შეუთანხმებლობამ არ უნდა გამოიწვიოს ამომრჩევლებში იმედგაცრუება, რომ მომავალში რაღაც თანამშრომლობა გართულდება. მომავალში ერთიანი, დიდი კოალიცია იქნება, სადაც ყველა პარტია იქნება.
სასურველი იყო, რომ მათ დაპირება შეესრულებინათ, მაგრამ ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ. მთავარია, ყველა პარტიამ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო, რომ ისინი არასდროს არ შეუქმნიან საპარლამენტო უმრავლესობას „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.










