ძალიან კარგი ფილმია „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“, შეიძლება ვთქვათ მეტაფორულად, რომ წარუმატებელ და გაკოტრებულ ცხენებს ხოცავენ, ანუ, ეს მთავრობა დასახოცია, ოღონდ პოლიტიკურად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
მისივე თქმით, 2012 წლიდან დღემდე ქვეყანას 70-მდე მინისტრი ჰყავდა.
„და ეს 70 მინისტრი სად არის? აორთქლდნენ, დაიხოცნენ პოლიტიკურად. თუ რომელიმე მინისტრი მაყურებელს შეუძლია დაასახელოს, მხოლოდ და მხოლოდ გაახსენდება რაღაც ნეგატიურ კონტექსტში. რაიმე განსაკუთრებული, ოდიოზური გამონათქვამი თუ არ გვამახსოვრდება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ამ მინისტრების არც გვარი იცის და არც სახელი საზოგადოებამ. ამ სამინისტროში დარჩნენ იგივე ადამიანები, იგივე სახეები, რომლებთანაც ასოცირდება ორი რამ – ჩავარდნილი ეკონომიკა, წარუმატებელი საფინანსო ცხოვრება, გაუფასურებული ლარი და კატასტროფული ვითარება ჯანდაცვაში პანდემიის მართვის კუთხით. ჩააგდო ორი რამ -ერთი, რომელიც ეხება ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და იხოცება ხალხი, მეორე, რომელიც ეხება ადამიანების კეთილდღეობას და ქვეყანა არის გაღატაკებული“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.










