თბილისის მერი კახა კალაძე სახალხო არტისტის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ვწუხვარ და გული მტკივა, რომ ამ სიტყვების თქმა მიწევს – კახი კავსაძე, ყველასთვის საყვარელი ადამიანი, გამორჩეული, კოლორიტული მსახიობი, საპატიო თბილისელი, უბრალოდ, ჩვენი უფროსი მეგობარი აღარ არის.
კაცი, რომელმაც არა მარტო თავისი არაჩვეულებრივი როლებით და არტისტიზმით, არამედ უპირველესად საკუთარი ღირსებით, პიროვნული ხიბლით სამუდამო კვალი დატოვა.
ძნელია, ვიპოვო სანუგეშო სიტყვები მისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, თანაქალაქელებისთვის. ვიზიარებ მთელი საქართველოს მწუხარებას!“, – წერს კალაძე.
ცნობისთვის, 85 წლის ასაკში სახალხო არტისტი კახი კავსაძე გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ, ის ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.











