გურჯაანში, ბაზრის მოვაჭრეები, საახალწლოდ, გარე-ვაჭრობის უფლებას ითხოვენ. მოვაჭრეების განმარტებით, გურჯაანის გლეხურ ბაზარში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, მათთან მყიდველი არ მიდის.
„ბაზრის ფასადი სულ დაგვინგრიეს, ამიტომ მყიდველი აღარ გვყავს. ძლივს საქონელი ვიყიდეთ, ბაზრის გარეთ გამოვედით. ბაზრის ადმინისტრაცია ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს, მერიაში დარბიან და გვაძევებენ. ზოგს მალფუჭებადი საქონელი აქვს ნაყიდი, იმან რა ქნას? მე, იძულებული გავხდი, ორი კვირით ფართი ვიქირავე. ჯერ რა მოგება მრჩება და ახლა, ეს ქირა დამემატა. რატომ არ შეიძლება საახალწლოდ, ორი კაპიკი ვიშოვოთ, ისედაც რა გაჭირვებაში ვცხოვრობთ. საშუალება რომ მქონდეს, ამ სიცივეში, გარეთ ვიდგებოდი?“,- მოვაჭრემ, ლია ქართველიშვილმა.
გურჯაანის გლეხური ბაზრის დირექტორი, ლამარა აკოფაშვილი განმარტავს, რომ ბაზარში ადგილები, ყველასთვის საკმარისია.
„თვითონ არ სურთ აქ, სისუფთავეში ყოფნა, ადგილი ყველას ეყოფა. ეგენი რომ გარეთ დგებიან, დანარჩენი მოვაჭრეებიც ხომ ღელავენ. რამდენიმე დღის წინ, კინაღამ გზა გადაკეტეს. აქ ისეთი ჰიგიენა და წესრიგია, პანდემიის პირობებში, ყველას უნდა უნდოდეს პავილიონში ყოფნა. არც ქირაა მაღალი, 5-დან 7 ლარამდე უწევს და თოვლში დგომას, ხომ ჯობია, აქ იყვნენ?“,- განაცხადა აკოფაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი განმარტავს, რომ საახალწლოდ გარე-ვაჭრობა დასაშვებია.
„საკრებულოს გადაწყვეტილებით, საახალწლოდ, გარე-ვაჭრობა დაშვებულია. არის ამისთვის ადგილები და ხელს ვერავინ შეუშლით“,- განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.
კონფლიქტი გურჯაანის გლეხური ბაზრის ირგვლივ რამდენიმე წელია გრძელდება. ბაზრის მოვაჭრეებმა, სხვადასხვა მოთხოვნებით, ცენტრალური გზა რამდენჯერმე გადაკეტეს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











