„გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ პრიორიტეტი ადამიანია“,- ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სპეცოპერაციის მთავარი მიზანი, მძევლების უვნებლად გათავისუფლება, შესრულებულია.
„გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელწერა, რომლისთვისაც მთავარი ღირებულება და პრიორიტეტი ადამიანია.
სპეცოპერაციის მთავარი მიზანი – 43-ივე მძევლის უვნებლად განთავისუფლება შესრულებულია. ახლა მთავარია, სპეცოპერაცია წარმატებით იქნეს ბოლომდე მიყვანილი. დარწმუნებული ვართ, სამართალდამცავი ორგანოების ეფექტიანი მუშაობით, ოპერაცია წარმატებით დასრულდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ შენობაში გუშინ, 21 ოქტომბერს დაწყებული სპეცოპერაცია 22 ოქტომბერს, გამთენიისას დასრულდა.
04:13 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, “საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა სამი მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მიიმალა.
გათავისუფლებულმა მძევალმა ლაშა შენგელიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა, რომ თავდამსხმელმა ყველა მათგანი ერთდროულად გაათავისუფლა. მძევლები თავს კარგად გრძნობენ.











