„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ შექმნილ ვითარებაში მიიღოს ის, რისი მიღების საშუალებაც არსებობს“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
ბექა დავითულიანი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციასაც გამოეხმაურა.
„პომპეოს დაგეგმილი ვიზიტი ნიშნავს იმას, რომ რეგიონში აშშ-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი არის საქართველო. ის ჩამოდის აქ იმ ფონზე, რა ვითარებაც დადგა რეგიონში ყარაბაღის კონფლიქტიდან გამომდინარე. ეს ნიშნავს, რომ მისთვის ძალიან აქტუალურია საქართველოს პოზიციები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უდნა იქნება საუბარი შიდაპოლიტიკურ საკითხებზეც, რადგან აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰყავდეს სტაბილური პარტნიორი რეგიონში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ შექმნილ ვითარებაში მიიღოს ის, რისი მიღების საშუალებაც არსებობს.
ოპოზიცის აქციას რაც შეეხება, ეს მათი გადასაწყვეტია და არავინ უშლის, თუმცა ჩვენ გვახსოვს წაგებული ომის შემდეგ ჯაჭვები ხმის გასაგონად და წაგებული არჩევნების მერეც ვნახავთ ჯაჭვს, ეს არაფერს არ შეცვლის“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოში 17-18 ნოემბერს ჩამოვა. ვიზიტის დროს ოპოზიცია „მდუმარე აქციას“ გეგმავს.











