ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე უცნობმა ჰაკერებმა, დემონსტრანტების დაკავების პასუხად, 2 000-მდე ბელარუსელი პოლიციელის პირადი მონაცემები მოიპარეს და მათი გამოქვეყნება დაიწყეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
განცხადებაში, რომელიც ოპოზიციურ არხს, Nexta Live-ს მიაწოდეს, აღნიშნულია:
„როგორც კი დაპატიმრებები გაგრძელდება, გავაგრძელებთ მონაცემების მასობრივად გამოქვეყნებას. ვერავინ დაიმალება ბალაკლავას მიღმა“.
მთავრობა აცხადებს, რომ იპოვის და დასჯის მონაცემთა გაჟონვაზე პასუხისმგებელ პირებს.
შეგახსენებთ, რომ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო.











