„მემორანდუმი, რომელზეც ვსაუბრობთ, არის იმ 4-პუნქტიანი შეთანხმების ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვიხილავდით 4 რაუნდზე შეხვედრებისას „ქართულ ოცნებასთან“. ასე რომ, ეს ტექსტი არის იმ ტექსტის ნაწილი, რომელსაც ვიხილავდით”,- ამის შესახებ “ლელოს”ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
„სამწუხაროდ, ძირითად პუნქტებზე ვერ შევთანხმდით „ქართულ ოცნებასთან“ – ეს არის ვადამდელი არჩევნები და ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება სრულად. იმ პუნქტებზე, რაც მემორანდუმშია, დიდი ხანია შეთანხმებული ვიყავით. იქ არის ნაწილი, რომელიც სახეცვლილებით არის გადმოტანილი მემორანდუმში. ეს არის იმ შეთანხმების ნაწილი და არა მთლიანი შეთანხმება, რომელიც აუცილებელია პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად. ეს მემორანდუმი სიახლეს არ წარმოადგენს. საერთოდ პოლიტიკური პატიმრების არსებობა უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში, გარდა ამისა, აქ არ არის ასახული ვადამდელი არჩევნების თემა, რაც შესათანხმებლად არის დარჩენილი და რაც განმუხტავდა პოლიტიკურ კრიზისს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ტექსტში ნათქვამია, რომ ხელმომწერი პარტიები თანხმდებიან ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე.









