„ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და უსკოს წინასწარი შედეგების გათვალისწინებით კიდევ ერთხელ „ქართულმა ოცნებამ” მოსახლეობის უმრავლესობის ნდობა მოიპოვა“ – ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
„კიდევ ერთხელ ჩვენმა ქვეყანამ და სახელმწიფომ გაიმარჯვა. პირველ რიგში მადლობას ვეუბნები, ჩვენს მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს.
ის აქტივობა, რომელოც დაფიქსირდა, მათ შორის აჭარაშიც, საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენ მოსახლეობასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა. ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ეს არჩევნები შეაფასა, როგორც სამართლიანი, კონკურენტუნარიან გარემოში გამართული არჩევნები, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის შიდა და საგარეო პოზიციონირებისთვის და ჩვენი დემოკრატიის კოდევ უფრო განვითარებისთვის.
უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს უკავშირდება, უკვე დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ უმრავლესობა გვაქვს.
შესაბამისად ის პოტენციური მეორე ტურები, რომელიც სხვადასხვა ოლქში გაიმართება, კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს უმრავლესობას აჭარის უმაღლეს საბჭოში”- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
მთავრობის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებებს.
„რევოლუციებისკენ მიდრეკილება, ახასიათებს გარკვეულ უპასუხსიმგებლო პოლიტიკურ ძალებს, თუმცა მე ყველას მინდა მოვუწოდო, რომ ის შედეგები, რომელიც გამომდინარეობდა ამ სამართლიანი კონკურენტუნარიანი არჩევნებიდან, ყველამ უნდა მიიღოს. მათ შორის პოლიტიკურმა პარტიებმა. ჩვენ არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ რაღაც რევოლუციური სცენარებით დააშინონ ან პოლიტიკური ძალები და ყველაზე მეტად მოსახლეობა.
იქნება სიმშვიდე და სტაბილურობა. თუ მანდატებზე უარს იტყვიან, ეს არის კონკრეტული პოლიტიკური ძალების პასუხსიმგებლობის საკითხი, მათ შორის ამომრჩევლების პატივისცემის საკითხი, რომელთა ნაწილმა მათ გარკვეულწილად ნდობა გამოუცხადა”- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











