„ქართულმა ოცნებამ“ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ წინააღმდეგ, შესაძლოა სასამართლოს მიმართოს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ტელევიზიას კანონით პოლიტიკური პარტიისთვის დროის გამოყოფა ევალებოდა, რაც არ გააკეთა.
„მედიამ კანონის უმარტივესი მოთხოვნა დაარღვია. კანონით ნებისმიერ მაუწყებელს მოეთხოვება, პარტიას უფასო საეთერო დრო გამოუყოს. მაუწყებელმა ეს არ გააკეთა. ამ ყველაფერს რეციდივის სახე აქვს, რადგან „მთავარ არხზე“ კანონის მოთხოვნა მეორედ დაარღვიეს, ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ საჩივარი მარეგულირებელ კომისიაში შეგვეტანა. არ გამოვრიცხავთ სარჩელის სასამართლოში შეტანას. ეს კანონდარღვევა „მთავარ არხს“ ძალიან მძიმედ დაუჯდება. მათ ეს ფინანსურად დაუჯდებათ მძიმედ. კანონი დაარღვიეს და ბუნებრივია, სამართლებრივ პასუხს მიიღებენ. ათი ათასობით ლარი დაუჯდებათ ის მძიმე დარღვევა, რაც ჩაიდინეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.











