მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, „ქართული ოცნებიდან“ ახმეტა- თელავი- ყვარელი- ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში, ირაკლი ქადაგიშვილი, საკუთარ თავსა და პარტიას, ხმას ვერ მისცემს.
მიზეზი, ქადაგიშვილის კორონავირუსით ინფიცირება გახდა, რის შესახებაც, მან საკუთარ ფეიბუქ გვერდზე დაწერა.
ქადაგიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პლატონ კალმახელიძის განმარტებით, კანდიდატმა გადასატანი ყუთის სიაში დარეგისტრირება ვერ მოასწრო.
„მას ვირუსი ისეთ დროს დაუდასტურდა, როცა რეგისტრაციის ვადა უკვე ამოწურული იყო. აქედან გამომდინარე, ის, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს- განაცხადა კალმახელიძემ.
ახმეტა- თელავი- ყვარელი- ლაგოდეხის გაერთიანებული ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რადიო ჰერეთთან განმარტა, რომ კანონი გამონაკლისს არ უშვებს.
მიუხედავად, კორონა პანდემიისა, გამონაკლისი არ არსებობს. სია გადმოგვეცემა, ცსკო- დან. თუ მან, კანონით გათვალისწინებულ ვადაში, დარეგისტრირება ვერ მოასწრო, გადასატანი ყუთის სიაში ვერ მოხვდებოდა“, – განაცხადა რეზო გაიპარაშვილმა.
კახეთის ორ გაერთიანებულ ოლქში, მაჟორიტქრი დეპუტატის ორი მანდატის მოსაპოვებლად, 37 კანდიდატი იბრძვის.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











