მე პირადად ვგულშემატკივრობ პატარა პარტიებს, რომელთაც უნდა შემოიტანონ განსხვავებული ხედვა, რაც ამომრჩეველმა დაუკვეთა, რას იზამენ, როგორ იზამენ ეს მათი არჩევანია, თუმცა მგონია, რომ კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეთ მათ, რომ უფრო მრავალხმიანობა იყოს პარლამენტში,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისში მისვლისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
„იცით, რომ დღეს უმრავლესობა ვიკრიბებით პარტიულ ოფისში იმისთვის, რომ საბოლოო შეჯერებული პოზიცია მივიღოთ. იცით, რომ ორად არის გაყოფილი უმრავლესობაში აზრი, ნაწილი ემხრობა შეწყვეტას, ნაწილი გაგრძელების მომხრეა. ზოგადად, პირადად ჩემი პოზიციაა, რომ კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეთ, განსაკუთრებით, იმ პატარა პარტიებს, რომ თავიანთი ამომრჩევლის ხმა გაახმოვანონ პარლამენტში. ამის მომხრე ვართ, იმიტომ, რომ ჯერ ერთი იცით, რომ პარლამენტი უკვე მრავალფეროვანი გახდა, დღეს კიდევ დამატებით გახდება მრვალფეროვანი, თუმცა ის პატარა პარტიები, რომლებსაც ხმა მისცა ამომრჩეველმა, ჩემთვის პირადად უფრო საინტერესოა, რომ მათი წარმომადგენლები იყვნენ პარლამენტში და არა ვთქვათ რადიკალური ოპოზიცია. ისინი ვიცით რას წარმოადგენენ და როგორ,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.











