ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ერთ-ერთ დასახლებას აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელს დაარქმევს. ინფორმაციას ამის შესახებ Times of Israel- ი ავრცელებს.
დასახლება გოლანის მაღლობების ტერიტორიაზე მდებარეობს და მას „ტრამპის მაღლობებს“ დაარქმევენ. ეს გადაწყვეტილება ისრაელის ხელისუფლებამ ტრამპის დაბადების დღეს დაამთხვია.
გოლანის მაღლობებზე დასახლებისთვის ტრამპის სახელის დარქმევა ჯერ კიდევ 2019 წლის აპრილში გადაწყდა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა.
ცნობისთვის, გოლანის მაღლობები ისრაელის არმიამ 1967 წლის ექვსდღიანი ომის დროს დაიკავა. 1981 წელს ქნესეთში ამ ტერიტორიის ანექსიის გადაწყვეტილება მიიღეს.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით, გოლანის მაღლობები ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიად ითვლება. ისრაელსა და სირიას შორის აღნიშნულ ტერიტორიებთან დაკავშირებით დავის მოგვარების არაერთი მცდელობა 1990-იან წლებში უშედეგოდ დასრულდა.











