2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება – ამის შესახებ გადაწყვეტილება დეპუტატებმა დღეს, საკანონმდებლო ორგანოში მესამე მოსმენით მიიღეს.
8 მარტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, დიპლომატების შუამავლობით, საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეთანხმება შედგა, რაც აღნიშნული პრინციპით არჩევნების ჩატარებას გულისხმობდა. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებს ოპოზიცია ითხოვდა, საკნოსტიტუციო ცვლილებების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
რატომ?!
თავდაპირველად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესთან დაკავშირებით, ბრძოლა 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაიწყო.
მას შემდეგ, რაც მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა და მოსახლეობამ პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იხილა, ქვეყანა საპროტესტო ტალღამ მოიცვა.
საპროტესტო აქციებზე აქტივისტებსა და ოპოზიციის ლიდერებს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ, მათ შორის იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ პირობა დადო, რომ საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატრადებოდა.
თუმცა, საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა.
პროპორციულ საარჩევნო სისტემამ დეპუტატების საკმარისი მხარდაჭერა (113) ვერ მოაგროვა.
მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებს გაცხადებულად მხარს უჭერდა მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც, საკითხი „ქართული ოცნების“ ე.წ. ამბოხებულმა მაჟორიტარებმა ჩააგდეს.
პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს ხმა არ მისცა „ქართული ოცნების“ 35-მა დეპუტატმა. კანონპროექტის ინიციატორი კი თავად მმართველი გუნდი იყო.
ოპოზიციის მტკიცებით, მმართველმა გუნდმა მაჟორიტარები გამოიყენა და საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენისას მიზანმიმართულად ჩააგდო.
„ოცნებიდან“ წასულები
კენჭისყრიდან რამდენიმე წუთში მმართველი გუნდი რამდენიმე ლიდერმა დატოვა. მათ შორის იყო , პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბეგაძე.
საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს, „კონსერვატორებმაც“, მათ შორის იყვნენ ზვიად ძიძიგური, გიგა ბუკია და ნინო გოგუაძე.
პროტესტის მეორე ტალღა
რუსთაველის გამზირი პროტესტმა კიდევ ერთხელ მოიცვა.
ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო აქციის მონაწილეების მიერ იყო პიკეტირებული. ყოველდღიურ აქციებს რამდენჯერმე ქუჩაში სპეცრაზმის გამოყვანა მოჰყვა.
საბოლოოდ, პოლიტიკურ პროცესში საერთაშორისო პარტნიორები ჩაერთვნენ.
მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების პროცესი, ელჩების მონაწილეობით დაიწყო, თუმცა შეხვედრების ოთხივე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.
ოპოზიცია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და პროპორციულ არჩევნებს ითხოვდა, თუმცა მმართველ პარტიასთან კონსესუსი მაშინ ვერ შედგა.
8 მარტის შეთანხმება
დიპლომატებმა, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას რამდენიმე შეხვედრა არაფორმალურ გარემოში მოუწყო.
საბოლოოდ კი 8 მარტს, შეხვედრა აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში შედგა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა შეთანხმებას მიაღწიეს. კონსესუსი ორ საკითხზე შედგა და შესაბამისად, ორი მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი პირველი – არჩევნები 120:30-ზე პროპორციით უნდა გაიმართოს.
პარლამენტი 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატით დაკომპლექტდება, ხოლო საარჩევნო ოლქები სამართლიანად გადანაწილდება.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მინიმალური ბარიერი 1% იქნება. ამასთან ერთად, დაწესდება 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი, რაც გულისხმობს, რომ თუ პარტია 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, ის უმრავლესობას ვერ დააკომპლექტებს.
მემორანდუმი მეორე – მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვა.
ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული
– ვკითხულობთ მემორანდუმის ტექსტში.
შეთანხმების „ორაზროვნება“
აღნიშნულ ტექსტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდში თავიდანვე განსხვავებული განმარტება მოჰყვა.
„ქართულ ოცნებაში“ საუბრობდნენ, რომ ეს არის კიდევ ერთი პირობა, რომ მართლმსაჯულება გავლენებისგან კვლავ თავისუფალი იქნება.
ოპოზიციის მტკიცებით კი, აღნიშნული ჩანაწერი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობდა.
საერთაშორისო პარტნიორები მოლაპარაკების ორივე მხარეს შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ პატიმრებს არ აღიარებს, საპატიმროდან გათავისუფლდა ბესიკ თამლიანი, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი.
ოპოზიციის მტკიცებიოთ, კიდევ ერთი პატიმარი, რომელზეც შეთანხმება შედგა გიორგი რურუაა, თუმცა ის ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.
ოპოზიცია საკუთარ მოთხოვნას „ემიჯნება”
იმის გამო, რომ გიორგი რურუა საპატიმროშია, ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამი მოსმენიდან მონაწილეობა არც ერთში არ მიიღო, ხოლო „ევროპულმა საქართელომ“ გადაწყვიტა, რომ ცვლილებები „დაეზღვია“ და პირველ კენჭისყრაში ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
საერთაშორისო პარტნიორები ორივე მხარეს კვლავ შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს.
დღეს, საკანონმდებლო ორგანოში, ოპოზიციის გარეშე მიიღეს ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 120/30-ზე პროპორციით გულისხმობს.
რას ითვალისწინებს რეალურად 8 მარტის შეთანხმება – არჩევნები 2020











