იტალიის „წითელ ზონას“, სადაც კორონავირუსის გამო მკაცრი ლოკდაუნია გამოცხადებული, კიდევ ორი რეგიონი, კამპანია და ტოსკანა დაემატა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კამპანიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რეგიონის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსს უახლოვდება.
პარასკევს იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი – 40,902 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში სულ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა, ლეტალურ შემთხვევათა რიცხვი კი 44,000-ს აჭარბებს.
კორონავირუსის გავრცელების რისკის შესაბამისად, იტალიაში რეგიონები სამ ზონად იყობა: წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი. ამ დროისთვის „წითელ ზონაში“ შედის ლომბარდია, ბოლცანო, პიემონტი და ვალე-დ’აოსტა ჩრდილოეთით და კალაბრია სამხრეთით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.










