იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე მოსამართლეები სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ.
როგორც იუსტიციის საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დანიშვნა დიდხანს არ უნდა შეჩერდეს.
“უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის პროცესს გააჩნია როგორ განვმარტავ, ჩვენ შევაჩერეთ პროცესი და დაველოდეთ საკანონმდებლო ცვლილებებს – ასეთია ჩვენი პოზიცია. რაც შეეხება იმას, უნდა შეჩერდეს თუ არა დანიშვნა, მე ვფიქრობ რომ არ უნდა შეჩერდეს დიდხანს, თუმცა ეს მაინც პარლამენტმა და პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტოს.
დღევანდელი შეხვედრა არის მნიშვნელოვანი თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მე როგორც მოსამართლეების წარმომადგენელს მაინტერესებს მოსამართლეების პოზიცია, იქნებ და განსხვავებულია, იქნებ და არსებობს სხვა მოსაზრება, რომელიც მე უნდა გავათვიცნობიერო და გავითვალისწინო. რაც შეეხება საერთო განცხადებას, ასეთი არ ვიცი, შესაძლებელია”, – განაცხადა მარსაგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 – კაციანი სია წარუდგინა. წარდგენილი კანდიდატები არიან: გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.











