“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე ნიკა მელიას დაკვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, ივანიშვილმა ნიკა მელიას დაკავებით ქვეყანას უღალატა.
“ივანიშვილის რეჟიმმა ამ უგუნური ქმედებით უღალატა ქვეყანას. საქართველო ჩააყენა რუსეთისა და ბელარუსის მსგავსი ქვეყნების რიგში, რასაც მოჰყვება მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები.
შექმნილი კრიზისიდან გამოსვლისა და ეკონომიკური კოლაფსის თავიდან აცილების ერთადერთი გზა არის რიგგარეშე არჩევნები”, – წერს რომან გოცირიძე.
დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
ოფისთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელიას მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა.
მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.










