ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები პანსიონატში არსებულ ვითარებას და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ დროისთვის, პანსიონატიდან გაყვანილია 25 ბავშვი, ხოლო ადგილზე დარჩენილი 28 არასრულწლოვნის უსაფრთხო გარემოზე 24 საათიან რეჟიმში, ნინოწმინდის პანსიონატში მყოფი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ზრუნავენ.
„მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დროებითი განჩინების აღსრულების პროცესი – ნინოწმინდის პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვების გამოყვანის საკითხზე, თანმიმდევრულად განხორციელდა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ 7 შშმ ბავშვის ზრუნვის ალტერნატიულ ფორმაში გადაყვანა მყისიერად განახორციელა.
ამ დროისთვის ბავშვების მდგომარეობის, საჭიროებების შესწავლისა და შეფასების პროცესი კვლავ გრძელდება. მოზარდების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მათთან გასაუბრებები და რეაგირების ღონისძიებების ინდივიდუალური გეგმის შემუშავება, ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განსაზღვრის მიზნით, მიმდინარეობს. ეს ეხება, როგორც ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებას, მცირე საოჯახო სახლებში ან მინდობით აღზრდაში განთავსებას.
ასევე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტები ყველა გაყვანილ ბავშვთან ინდივიდუალურად აგრძელებენ მუშაობას. ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის და დეინსტიტუციონალიზაცის პროცესის განხორციელებისთვის გარდამავალი პერიოდში თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანია.
ნინოწმინდის პანსიონატში ადგილზე ბავშვებთან მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერითა და აქტიური ჩართულობით გაგრძელდება, რათა მათი შემდგომი განვითარებისათვის, შესაბამისი ალტერნატიული ზრუნვის ფორმა სწორად იყოს შერჩეული. პანსიონატში გამართულ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, საპატრიარქოს, გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ (UNICEF) და „ვორლდ ვიჟენის“ (World Vision International) წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.











