ჯონ ბოლტონმა სასამართლოს მის წინააღმდეგ აღძრული საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა. ბოლტონი თეთრ სახლს ცენზურაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ისინი უფლებას არ აძლევენ საარჩევნო წელს ტრამპის შესახებ „შემაშფოთებელი ფაქტები“ გამოაქვეყნოს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ბოლტონი ამტკიცებს, რომ ვერ შეაჩერებენ მისი წიგნის გამოქვეყნებას 23 ივნისს, რადგან ამით ისინი ამერიკის პირველ შესწორებას დაარღვევენ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის დეპარტამენტის სარჩელის თანახმად, ჯონ ბოლტონის წიგნი, რომელიც თეთრ სახლში მისი მუშაობის პერიოდს ეხება, საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს.
16 ივნისს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ვაშინგტონის სასამართლოს სარჩელით მიმართა და ბოლტონი შრომითი ხელშეკრულების პირობების აშკარა დარღვევაში დაადანაშაულა.
ჯონ ბოლტონის წიგნში „ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები“ მისი დონალდ ტრამპთან მუშაობის პერიოდია აღწერილი.
გამომცემლობა Simon & Schuster-ის ინფორმაციით, წიგნი შეიცავს ინფორმაციას ტრამპის „არათანმიმდევრული გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ“ და ეს არის წიგნი, „რომლის წაკითხვაც ტრამპს არ სურს“.
დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი 2019 წლის სექტემბერში გარკვეულ საგარეო საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოების გამო გაათავისუფლა.











