კახა კალაძემ ვაკის რაიონის გამგებლის პოზიციაზე დავით კვინიკაძე წარადგინა, კრწანისის გამგებლად – ბექა მიქაუტაძე, გლდანის რაიონში კი ლევან ნაროუშვილი. დიდუბის რაიონის გამგებლის პოზიციაზე დედაქალაქის მერმა ლევან ჯღარკავა წარადგინა.
„მინდა ვაკის რაიონის გამგებლის პოზიციაზე წარვადგინო დავით კვინიკაძე, რომელიც აქამდე ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე იყო. ხუთ წელზე მეტია დავითი ვაკის გამგეობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა და ძალიან კარგად იცნობს ვაკის რაიონის და ვაკელების საჭიროებებს.
ის არის ეკონომისტი, ბიზნესის და მართვის სპეციალისტი, ოქსფორდ ბრიუკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული – საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი. დავითს არ აკლია არანაირი გამოცდილება და ყველ პროექტებში რასაც ვაკეთებთ პირადად იყო ჩართული.
კრწანისის გამგებლად მინდა წარვადგინო ბექა მიქაუტაძე, რომელიც აქამდე გლდანის რაიონს გამგებელი იყო. მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ის არის სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი, აქვს მრავალფეროვანი და მრავალწლიანი სამსახურებრივი გამოცდილება როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე საკანონმდებლო ორგანოში და საერთაშორისო ინსტიტუტებში მუშაობის. ის არის ძალიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და დარწმუნებული ვარ, წარმატებით გააგრძელებს მუშაობას კრწანისის რაიონში.
რაც შეეხება გლდანს, გლდანის რაიონში კი მინდა წარვადგინო ლევან ნაროუშვილი. განათლებით ეკონომისტი, მენეჯმენტისა და ეკონომიკის მაგისტრი. ის დღემდე გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილე იყო.
მინდა დიდუბის რაიონის გამგებლის პოზიციაზე წარმოგიდგინოთ ლევან ჯღარკავა, რომელიც აქამდე მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. ლევანი მანამდე იყო „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, არის ძალიან ეფექტიანი მენეჯერი. სპეციალობით იურისტი და ეკონომისტი, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე, ფინანსთა სამინისტროში, სხვადასხვა შპს-ებში მუშაობის. ლევანს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაიონი ბარდება, რომლის მცხოვრებლებს ახსოვთ წინა გამგებლის, ქალბატონ ირმა ზავრადაშვილის მოღვაწეობა“,-განაცხადა კახა კალაძემ.











