ძალიან სამწუხაროა, როცა ვისმენთ სპეკულაციებს და ცდილობენ, წინასაარჩევნოდ გამოიყენონ ეს საკითხი, იმიტომ არ უნდა გადაგვეცა აზერბაიჯანული მხარისთვის რუკები, რომ არჩევნები მოდის?- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან საქართველო- აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისმა ბაქოს რუკები გადასცა მაშინ, როცა ეს პროკურატურამ ჩათვალა საჭიროდ.
„ეს ისეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საქმეა, არ შეიძლება, ვერ დაიმალება, საბოლოო ჯამში, ყველაფერი გახდება ცნობილი და არ მინდა ვინმეს შერცხვეს იმ განცხადებების და პოლიტიკურად სპეკულირების ქართულ მიწასთან დაკავშირებულ საკითხზე, რომლის კითხვის ნიშანსაც არ ვსვამთ, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაზეა ისტორიულად და ქართული მიწა-წყალია. ძალიან სამწუხაროა, როცა ვისმენთ სპეკულაციებს და ცდილობენ, წინასაარჩევნოდ გამოიყენონ ეს საკითხი. გამოძიება მიმდინარეობს უკვე როგორც ჩვენ ვიცით, თვეების განმავლობაში, რაზეც კომუნიკაცია იყო მათ შორის, აზერბაიჯანის მხარესთან.
არ გადაგვეცა რუკები აზერბაიჯანის მხარისთვის? იმიტომ არ გადაგვეცა, რომ არჩევნები მოდის? ეს გაკეთდა მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვალა პროკურატურამ, რომ საქმე უკვე აღეძრა ოფიციალურად, მანამდე საჭიროდ ჩათვალა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომ აღმოჩენილი დოკუმენტაცია გადაეცა აზერბაიჯანული მხარისთვის და ძალიან მიხარია, რომ ვისმენ აზერბაიჯანული მხარისგან იგივე კომენტარებს, რომ ჩვენს მეგობრობას ეს საფრთხეს ვერანაირად ვერ შეუქმნის. მთავარია, სიმართლე დადგინდეს“, – განაცხადა კუკავამ.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.











