კახეთში სტიქიისგან მიყენებული ზარალის აღწერა დაიწყო. მუნიციპალიტეტებში შექმნილი ზარალის დამდგენი კომისიები, დილიდან სეტყვისგან დაზარალებულ სოფლებში იმყოფებიან.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, ოჯახებს, რომლებსაც საცხოვრებელი სახლების სახურავები დაუზიანდათ, დღეს გადასახური ტენტები დაურიგდებათ.
„სასწრაფოდ დარიგდება ტენტები, რომ ხალხმა სახლში გაჩერება შეძლოს, თან დადგინდება მიყენებული ზიანის ოდენობა. ინფრასტრუქტურულ საკითხებში, რაც სახლის გადახურვას შეეხება, მერია ადგილობრივებს დაეხმარება. სხვაგვარ კომპენსაციაზე, ჯერჯერობით, საუბარი არ არის“,- განაცხადა ხანდამაშვილმა.
კახეთში ორი დღის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის, საგარეჯოსა და ლაგოდეხის სოფლები დააზიანა. .განადგურებულია სასოფლო- სამეურნეო სავარგულები, ვენახები და ერთწლოვანი კულტურები. დაზიანებულია 150 მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











